Advertisement

ჯულიეტა ვაშაყმაძე - ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა



ჯულიეტა ვაშაყმაძე – ქალი, რომელიც სინათლეს, სითბოს ასხივებდა, რომელიც იყო ქალურობის, თავდაჯერებულობის, გაწონასწორებულობის, წარმატების სიმბოლო, პირველი და ნამდვილი ყველაზე კაშკაშა ქართველი ტელევარსკვლავი. ის 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისობა, 1983 წელი

ალბათ, ხშირად მოგისმენით უფროსი თაობისგან სიტყვა „უბერებელი“, რომელსაც ისინი ჯულიეტას დასახასიათებლად იყენებდნენ. არ იქნება გადაჭარბებული თუ ჯულიეტა ვაშაყმაძეს ლეგენდას ვუწოდებთ. დიახ, ის ნამდვილად იყო ლეგენდა, რომელმაც ქართულ სატელევიზიო სივრცეს განსაკუთრებული ესთეტიკა შესძინა.

თბილისობა, 1984 წელი

როგორც თავადვე ჰვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში, 14 წლის იყო, როდესაც პირველად მივიდა ტელევიზიაში და როდესაც პირველად ჩააბარეს რადიო გადაცემის წამყვანობა. მას შემდეგ, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ადამიანები მის მიერ წაყვანილ საინფორმაციო გამოშვებებს უყურებდნენ და მის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს ეცნობოდნენ.

დალი ფიცხელაური, დოდო იორდანიშვილი და ჯულიეტა ვაშაყმაძე.

მაშინ, როცა არ არსებობდა სუფლიორი, ჯულიეტა ვაშაყმაძე ეკრანიდან გვესაუბრებოდა გამართული ქართულით, თავდაჯერებით და შეცდომების გარეშე. ამბობენ, რომ ტექსტის დამახსოვრების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. საკუთარი ხელით იკეთებდა სატელევიზიო მაკიაჟს, გამოირჩეოდა ხმის განსაკუთრებული ტემბრით, რომელიც შეუძლებელი იყო, სხვის ხმაში შეგშლოდა და რომლითაც მარტივად აღწევდა მაყურებლის გულამდე.

თბილისობა, 1983 წელი

ამბობდა, რომ მთავარი გულწრფელობაა და ასეთი იყო თავადაც, გულწრფელი და ნამდვილი, რაც არ რჩებოდა შეუმჩნეველი მაყურებელს და რის გამოც ის დღეს ქართული ტელევიზიის ლეგენდაა, რის გამოც, გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავდა და ჰყავს დღესაც.

ჯულიეტა ვაშაყმაძე

ლია მიქაძე და ჯულიეტა ვაშაყმაძე

მისი უმცროსი კოლეგები იხსენებენ, თუ როგორ უხაროდა სხვისი წარმატება და როგორ ეხმარებოდა დამწყებ ჟურნალისტებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, დღეს ყველა „თავის წილ ჯულიეტაზე“ წერს.

თბილისობა, 1983 წელი

ძალები მოსინჯა სამსახიობო კარიერაშიც და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველას ახსოვს მის მიერ შესრულებული მთავარი როლი ფილმში – „ყვავილი თოვლზე“, თუმცა საბოლოოდ, კინოკარიერას და ჟურნალიტიკას შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე

ფილმი: „ყვავილი თოვლზე“

ჯულიეტა ვაშაყმაძე სამაგალითო იყო არა მხოლოდ თავისი თაობის ადამიანებისთვის, არამედ სამაგალითოა თანამედროვე ჟურნალისტებისთვისაც, შთაგონების წყაროა ბევრისთვის მისი პროფესიონალიზმი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე

ლია მიქაძე და ჯულიეტა ვაშაყმაძე

ვიზუალი, საქმისადმი მიდგომა, ან უბრალოდ ჯულიეტა – საბჭოთა საქართველოს ერთგვარი პასუხი ევროპულ სილამაზესა და კაშკაშა ვარსკვლავებზე, უბრალო და თან დიდებული, ქალი, რომელიც უკვდავია, ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე