ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის პერიოდში, ზედამხედველობის შედეგად აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა 6000-ზე მეტ ობიექტს შეუჩერდა


26-27 დეკემბრის პერიოდში 2779 აქტივობა განხორციელდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა, თბილისში, ქუთაისში, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორიაზე განთავსებული 1791 ობიექტი, მათგან 20 ობიექტი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, 843 ობიექტზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 2 ობიექტი კი დაჯარიმდა.

„2020 წლის 28 ნოემბრიდან - 28 დეკემბრის ჩათვლით 37095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარდა 24337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და ჯამში დაჯარიმებულია 36 ობიექტი.

ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია, შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტები, რომლებსაც მიეცათ მუშაობის უფლება, იცავენ პროტოკოლის მოთხოვნებს. მოსახლეობის მხრიდანაც შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა არ მინდა ეს იყოს მოდუნების საფუძველი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.