გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ლიმასოლის „აპოლონში“ გააგრძელებს


ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ლიმასოლის „აპოლონში“ გააგრძელებს. ინფორმციას როგორც კვიპროსის გუნდი, ასევე „სარაგოსა“ ადასტურებს.

25 წლის შემტევი კვიპროსში უახლოეს დღეებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაგოსაში“ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა. ის ესპანურ გუნდში 2017 წელს გადავიდა და 65 შეხვედრაში, 13 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან ესპანეთის „რასინგში“ გაატარა.

კვიპროსის „აპოლონმა“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „საბურთალო“ 5:1 დაამარცხა. გუნდი კვიპროსის ჩემპიონატს 33 ქულით ლიდერობს.