გიგი უგულავა: შორს ვარ მოლოდინებისგან, რომ მომდევნო რაუნდზე რამე შეიცვლება


„საჯაროდ რას იტყვის „ქართული ოცნება“, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბევრჯერ ვნახეთ მათი ნათქვამი, რომელსაც თვითონვე ცვლიდნენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„შორს ვარ მოლოდინებისგან, რომ მომდევნო რაუნდი იქნება და რამე შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ მთავარია, რითი შევდივარ ჩვენ და რითი - „ქართული ოცნება“. მოლაპარაკებები შეიძლება იყოს, უბრალოდ, არ მგონია, რომ შევჯერდეთ იმიტომ, რომ ოპოზიციის პოზიცია მკაფიოა, ერთი თვის განმავლობაში ვიყავით განცხადების რეჟიმში, ახლა ბოიკოტმა დაიწყო მუშაობა - ამ წნეხის შედეგია მხოლოდ ის, რომ ორი პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, ეს წნეხი უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს მარტო თავის გაყალბებულ არჩევნებში“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, შეიძლება პროცესებმა გაზაფხულზე გადაიწიოს.

„ახლა პოლიტიკურად მკვდარი სეზონი მოდის, ახალი წელია და ასეა მოწყობილი ქართული პოლიტიკა, რომ იანვარში არაფერი არ ხდება. ამას ემატება პანდემია და ლოკდაუნი, რომელიც ობიექტურად ყველანაირ სიცოცხლეს კლავს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.