თინა წავკისელი – გმირი ქართველი ქალი


თინა წავკისელი – გმირი ქართველი ქალი, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა.

თინა გაბაშვილის ყმა(გლეხი) ყოფილა. მოღალატე ქართველებს სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად ისიც სპარსელებისთვის მიუყიდიათ. გზაზე მყიდველთ მათთვის პატივის აყრა მოუნდომებიათ. თინას შეუტყვია მათი განზრახვა, დაურიგებია ამხანაგები, წაუძრიათ სპარსელებისთვის ხანჯლები და დაუხოცავთ ყველანი. თვითონ შემსხდარან მათსავე ცხენებზე, წამოსულან მეფე ერეკლესთან და ყველაფერი დაწვრილებით უამბიათ. მეფეს გაჰკვირვებია მათი მხნეობა. სხვა ქალები დაუთხოვია, თინა კი სასახლეში დაუტოვებია. თინას კარგად შეუსწავლია თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება და ცხენზე ჯდომა. ამის შემდეგ აღარ განშორებია მეფეს. ერეკლეს ყველა ლაშქრობაში თან ხლებია თინა. ამ მამაც დედაკაცს არაერთხელ უსახელებია თავი მეფის წინაშე მამაცობით და მხნეობით.

ერთ ომში თინასა და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძლიერ მოსწონებია ორივე და მათი შეუღლება უბრძანებია. მათაც აღუსრულებიათ მეფის ბრძანება და დასახლებულან წავკისს. დაქმარშვილებულ თინას მაინც არ მოუკლია ქვეყნისთვის სამსახური: ის ყოფილა თავისი სოფლის მტერთაგან მცველი.

ერთხელ მეფეს აქაური გლეხები მდევრად გაუყვანია. ამ დროს ხმა გავარდნილა – წავკისს დარბევას უპირებენ თათრებიო. თინას შეუტყვია ეს ამბავი, მაშინვე სოფლის დედაკაცები და ბავშვები ერთ კოშკში შეურეკავს, კოშკის კიბის საფეხურებზე სკები დაუწყვია, ჩაუკეტავს ორივე კარი და უბრძანებია: მე მივდივარ თბილისს მეფისთვის შესატყობინებლად. თუ მტერი მოადგეს კოშკს, დაამტვრიოს ძირის კარი და ამოვიდეს კიბეზე, სკიდან ფუტკარი გაუშვით, რომ მტერი ჩვენს მოსვლამდე შეაჩეროსო. გამოფრენილა თინა თბილისს, მეფესთან.

ამ დროს მტერიც მისდგომია კოშკს, შეულეწავს გარეთა კარი, ასულა კიბეზე და აუღწევია ზევითა კარამდე. შიგ შეხიზნულ ქალებს გაუხსნიათ სკები, გამოუშვიათ ფუტკარი, რომელსაც დაუწყია ბნელში საშინელი ბზუილი და დაუკბენია თათრები. ამასობაში თინაც მოსულა ლაშქრით და დაუმარცხებია მტერი.

ამის შემდეგ თინას ქმარი მოჰკვდომია, დარჩენია ორი ვაჟი. მას აღა-მაჰმად-ხანთანაც უბრძოლია. ბოლნისის ახლოს მოუკლავს მტერს და ერეკლეს ბრძანებით, იქვე, ბოლნისის სიონთან, ქმრის გვერდით დაუკრძალავთ. მეფემ საფლავის ქვაზე მათი სახეები ამოაჭრევინა თურმე, მათი ობლები კი სასახლეში წაუყვანია გასაზრდელად.