ეკონომიკის მინისტრის თქმით, კოვიდ-სასტუმროებში საწოლფონდის საკმარისი მარაგია


ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსის მართვაში სასტუმროების ჩართვა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოში ერთ სახლში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებით იყო განპირობებული.

„ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბევრი ოჯახი მჭიდროდ ცხოვრობს, ანუ რამდენიმე თაობა ერთად არის. აქედან გამომდინარე, ყველას არ აქვს საშუალება, რომ იზოლირებულად ამყოფოს სახლში დაავადებული ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, შევთავაზეთ კოვიდ-სასტუმროები მოსახლეობას და ახლა სულ უფრო მეტი დატვირთვით სარგებლობს. მინდა გითხრათ, რომ საკმარისი გვაქვს საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში, დატვირთვაც მატულობს, იმიტომ რომ ადამიანებმაც უკვე გაიაზრეს, რომ შედარებით მსუბუქი შემთხვევები ჯობს კოვიდ-სასტუმროში იმართოს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ჟანგბადის კონცენტრატორებით ამარაგებს ჯანდაცვის სამინისტრო და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი მიგნება იყო“, - განაცხადა თურნავამ.