Advertisement

„აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის დახმარების ახალ პროექტს იწყებს



საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესის დახმარებას აგრძელებს - სააგენტო აწარმოე საქართველოში 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს-იდეების მიღებას იწყება, ამის შესახებ განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, რომელზეც დამსწრეთ ბიზნესიდეების მოწოდების პირობები გააცნო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პროგრამაში გამარჯვებული მეწარმის თანამონაწილეობის თანხის მოცულობა 20%–ის ნაცვლად 10% იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 5%.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში“, - აღნიშნა სააგენტოს დირქტორმა.

ამასთან, მისივე განმართებით, პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

აწარმოე საქართველოში“ - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.