ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა


„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი, ერთი თვის ვადაში, ძეგლის მონაცემების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

მაწონი ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტია, რომელსაც საოჯახო პირობებში ამზადებენ. საქართველოს კუთხეებში მაწონი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება, მაგალითად, ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში - მარწვენს.

მაწონი მზადდება ძროხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რძისგან. დიდი პოპულარობით სარგებლობს კამეჩის რძისგან მომზადებული მაწონი. რძის შესადედებლად მაწვნის დედა გამოიყენება.