სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, რომ ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად ფეხბურთის მატჩის ჩატარებისას, ან ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისას, სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული. დამსწრეები სტადიონზე 2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდნენ. სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების დამუშავება. ამასთან, გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.