ნათია თურნავა: ზოგიერთი ოპოზიციონერი წარსულში ჩარჩა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოყვანილია ასეთი საინტერესო მეტაფორაც, რომ ოპოზიციის ბოიკოტი უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას ჰგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით მათი რადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია კეთილგონიერებას მოუხმობს და პოლიტიკურ პროცესს საპარლამენტო ფორმატში გადაიტანს. ეს არის ერთადერთი აპრობირებული ცივილიზებული გზა. ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებენ მათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ცალსახად არის მოწოდება, რომ შეწყდეს ბოიკოტი და დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლოს. მოყვანილია ასეთი საინტერესო მეტაფორაც, რომ ეს ბოიკოტი უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას ჰგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით მათი რადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მივიდა 31 ოქტომბერს უბნებზე და არ გავიდა მასობრივად ქუჩაში. რაც უფრო მალე მიხვდებიან ოპოზიციონერები, რა არის მათივე ამომრჩევლის დაკვეთა, მით უფრო ადეკვატურები იქნებიან და დარჩებიან პოლიტიკური ასპარეზზე, - განაცხადა თურნავამ.