2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საუბარი „მარგინალური ძალების მიერ ვეტერანების დაპირისპირების მცდელობაზეა“.

ტექსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს ვეტერან მებრძოლთა ყოფითი პირობები არ არის სრულყოფილი სხვადასხვა სოციალური მიმართულებით, მაგრამ გაცილებით ღირსეულია, ვიდრე მანამდე.

„ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თანამებრძოლთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე უფროს და ახალგაზრდა ვეტერანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას, რამეთუ სამშობლო ერთი გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გულის ფიცარზე გვეწეროს მისი დაცვის ვალდებულება, მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ იმ დიდი ოჯახში, რასაც ვეტერან მეომართა ერთობა წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ეტაპობრივად გაართმევს თავს ვეტერანთა წინაშე დაკისრებულ მოვალეობებს. ალბათ, კარგად გახსოვთ, სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში იქნა შეფასებული ვეტერანის ღვაწლი ყბადაღებულ 22 ლარად, და ეს მიზერული თანხაც, გარკვეული კრიტერიუმებით, 76 000-ის ნაცვლად 32 000 მებრძოლს განესაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას არ უწარმოებია საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგე სახელმწიფოსთან, სწორედ ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაენიშნა 1000-ლარიანი მუდმივი კომპენსაცია ომში დაღუპულთა ოჯახებს; დიდი ყურადღება დაეთმო, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, დაენიშნა კომპენსაცია. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმო ვეტერანების ჯანდაცვის საკითხს, რომელიც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. დღევანდელი ვეტერანის ჯანდაცვის პაკეტი წარმოადგენს 15 000 ლარს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში, მთლიანად უგულებელყოფილი იყო.

რატომ შევიდა ხელისუფლება ე.წ კოჰაბიტაციაში იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ჩვენი დაღუპული ძმები, მათი წმინდა სხეულები, შინაური ცხოველებისა და გადამთიელი მტრის საჯიჯგნად ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვა. რატომ არ მოგვეცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალება, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. რატომ მოხდა ისე, რომ არარსებული დეზერტირობის ფაქტზე, უამრავი სამხედრო მოსამსახურე იქნა ცრუ ბრალდებებით გასამართლებული და პასუხისგებაში მიცემული; რატომ არ გაეცა სათანადო პასუხი იმ მოღალატე ძალას, რომელმაც არშემდგარი ე.წ. „ამბოხის“ ბრალდებით, დაშალა ის საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც ბოლომდე ასრულებდნენ მათ წინაშე დასმულ საბრძოლო ამოცანებს. ხოლო, მათი სამეთაურო რგოლის ნაწილი ქუჩაში დახვრიტეს, ნაწილი ე.წ „ევროპულ ციხეებში“ გამოამწყვდიეს; რატომ მოხდა, რომ პოლიციური დანაყოფები და მათ შორის, იქ მომსახურე ვეტერანები, თავისივე თანამებრძოლებს დაუპირისპირეს და ვეტერანთა სამართლიანი საპროტესტო აქციები დაარბევინეს; რატომ მოხდა, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებული და ქართული ეკლესიის ძალისხმევით აღორძინებული ქართული იერუსალიმის - დავით გარეჯის წმინდა მიწა, დღეს მეზობელ სახელმწიფოსთან სადავო გაგვიხდა?! მოგმართავთ მათ, ვისაც მეხსიერება გღალატობთ, ყველა ამ ჩამოთვლილ სისასტიკეს მაშინ ფარულად, ხოლო დღეს კი ღიად უჭერთ მხარს?! გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ერთგულების ფიცი ღმერთის, სამშობლოსა და ერის და არა რომელიმე კერძო პირის წინაშე დავდეთ! ვემსახურებით საქართველოს!" - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო : ImediNews