ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება


ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის ოჯახებს შეხვდა და შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მუშაობა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება. ის უკვე 76 დღეა უკანონოდ არის დაპატიმრებული.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.